მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა კრიპტოვალუტით დონაციას იღებს ზოგიერთმა უმსხვილესმა ადგილობრივმა ბანკმა თავის კლიენტებს ბიტკოინის ყიდვა ეროვნული ვალუტის გამოყენებით აუკრძალა. მიზეზი ყველასთვის ნათელია, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევებს უკრაინის ქალაქებზე.
მათ შორის უკრაინის უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა, PrivatBank-მა თავის მომხმარებლებს დროებით შეუზღუდა ბიტკოინის შეძენა ეროვნული ვალუტით.
აღნიშნული შეზღუდვის ავტორი უკრაინის ცენტრალური ბანკია. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, ეს შეზღუდვა საომარი ვითარების პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ძალაში იქნება.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც Binance-ის უკრაინის განყოფილებამ PrivatBank-ის კრიპტოვალუტის შეზღუდვების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ციფრული ვალუტების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ კანონი ციფრული ვალუტების შესახებ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, უზენაესმა რადამ, თებერვალში მიიღო. ციფრული ვალუტის ბირჟებსა და კრიპტო კომპანიებს მოეთხოვებათ რეგისტრაციის გავლა, რათა უკრაინაში მუშაობა ლეგალურად დაიწყონ. ბანკებს კი უფლება აქვთ, რომ კრიპტო კომპანიებისთვის ანგარიშები გახსნან.