COVID-19–ის პანდემიის ფონზე ციფრული ვალუტის არალეგალურად გამოყენების ფაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახშირდა.
გამონაკლისი არც სინგაპური აღმოჩნდა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის პირველ მეოთხედში სინგაპურის კრიპტო სექტორმა რამდენიმე ათასი თაღლითობის ფაქტი დააფიქსირა.
სინგაპურში დაფიქსირებული თაღლითობის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ქვეყნის ყოფილ პრემიერ მინისტრთან არის დაკავშირებული.
ყალბი ვებ-საიტი ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ავრცელებდა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინში ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებდა.
როგორც მარეგულირებელმა განაცხადა, ყოფილი პრემიერ მინისტრის სახელი გამოიყენეს იმისათვის, რომ ადამიანებს მინიმუმ 250 დოლარი სავაჭრო პლატფორმაზე ჩაერიცხათ. თაღლითურ პლატფორმას კი Bitcoin Loophole-ი ერქვა. პლატფორმა მომხმარებლისგან ასევე ითხოვდა საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის დეტალებსაც.
რაც შეეხება პანდემიის დროს მომრავლებულ თაღლითობის ფაქტებს: აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კიბერდანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაული აშშ-ში სამჯერ გაიზარდა.
”ჩვენ ჩვეულებრივ, დღეში 1000 საჩივარს ვიღებთ. ახლა კი ეს რიცხი 3000-დან 4000-მდე არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დროს კრიპტოვალუტების სხვადასხვა სახით გამოყენება გახშირდა. თუმცა, სამწუხაროდ, მოიმატა კრიპტო დანაშაულის ფაქტებმაც”,-აღნიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ.