სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ კრიპტობირჟებს საბანკო სფეროსთან არანაირი სახის პრობლემა არ უნდა შეექმნათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარემ, ჩოი იონგ-კუმ განმარტა, რომ საბანკო მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება იმ პირობებში, სანამ ბირჟები ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომებს იღებენ. საბანკო სისტემისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კორეაში მოღვაწე ყველა ბირჟას ჰქონდეს მომხმარებლის შემოწმების მექანიზმი.
კომისიის თავმჯდომარემ პირდაპირ განაცხადა, რომ თუკი ბირჟები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, მაშინ არანაირი სახის პრობლემებს ადგილი არ ექნება.
ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომების მიღება ყველა ბირჟას მოსთხოვა. სამხრეთ კორეის ნებისმიერ ბირჟაზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ასევე ვალდებულია გაიაროს იდენტიფიკაცია და უკვე ამის შემდეგ შეეძლება ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის მარეგულირებელი ინვესტორებს არალეგალური ბირჟების შესახებ აფრთხილებდა. მარეგულირებლის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბირჟების გარკვეული ნაწილი კომისიის მიერ არ არის დამტკიცებული ან რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანიები არღვევენ ქვეყნის კაპიტალის ბაზრის შესახებ კანონს. ამიტომ ინვესტორები შეიძლება შეცდომაში შეიყვანონ კრიპტოვალუტის არარეგისტრირებულმა კომპანიებმა და თაღლითობის შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი.