პერუს რესპუბლიკის კონგრესი Blockchain ტექნოლოგიას განიხილავს.
23 სექტემბერს კონგრესმენმა ფრანჩესკო პეტროზიმ, მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების კომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა მარკო ესპარზა მონტეგოსთან, რომელიც თავის მხრივ არის Blockchain Life Solutions-ის ხელმძღვანელი.
საუბარი ეხებოდა ტექნოლოგიის პოტენციალს, Blockchain-ის ყოველდღიურ რეალობაში გამოყენებას და მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას.
მარკო ესპარზა მონტეგომ კონგრესს Blockchain ზედამხედველობის შექმნის წინადადება წამოაყენა. მისი თქმით, სრულიად ნორმალურია მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნა.
ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერუს საბანკო და სადაზღვევო კომპანიები Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ R3 კონსორციუმს შეუერთდა.
კონსორციუმის მიზანი ტექნოლოგიის ირგვლივ კვლევის ჩატარება იყო. კვლევის დროს ასევე უნდა გამომჟღავნებულიყო ქვეყნის მასშტაბით Blockchain-ის შესაძლო გამოყენების საკითხები.
მიუხედავად Blockchain-ის მიმართ კეთილგანწყობისა, კრიპტოვალუტის მიმართ არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ქვეყანას.
“ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტას კურსის მაღალი მერყეობის გამო მხარს არ უჭერენ. ამასთანავე, ციფრული ვალუტა რისკის შემცველია და შესაძლოა, თაღლითურ გარიგებებშიც იქნეს გამოყენებული”,-ნათქვამი იყო პერუს მთავრობის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში.