ზიმბაბვეს საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯასტინ ბიგონმა განაცხადა, რომ ბირჟა Blockchain ტექნოლოგიით არის დაინტერესებული.
აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თუკი მარეგულირებლის სამართლებრივი ჩარჩო ხელს შეუწყობს Blockchain-ის დანერგვას, მაშინ ბირჟა კონკრეტულ გეგმებს დასახავს.
ამ ეტაპზე ზიმბაბვეს საფონდო ბირჟა მარეგულირებლის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
“ეს რთული პროცესია. მარეგულირებელი სისტემა ჯერჯერობით არ არის ნათელი და ჩვენ არ გვინდა მივიღოთ გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც არსებობს კითხვები. თუმცა Blockchain-ი ტექნოლოგიური თვალსაზრისით უდავოდ ძალიან კარგია”,- განაცხადა ზიმბაბვეს საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკი Blockchain ტექნოლოგიის შესწავლის ინიციატივით გამოვიდა. მიზანი სამომავლოდ ტექნოლოგიის საბანკო სექტორსა და ბიზნეს პროცესებში ინტეგრირება არის.
ჰარარეში საბანკო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას სარეზერვო ბანკის აღმსასრულებელმა დირექტორმა ჯონ მანგუდიამ განაცხადა, რომ ბანკი დაინტერესებულია ამ ტექნოლოგიით.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკები მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში, საბანკო საქმიანობაში Blockchain-ს აქტიურად იყენებენ.