გუშინ, 19 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის კრიპტოვალუტა პეტროში აშშ-ს მხირდან ნებისმიერი ინვესტიციის აკრძალვის ბრძანებას ხელი მოაწერა.
“ყველა ტრანზაქცია, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ს მოქალაქესთან ან ქვეყნის ტერიტორიასთან ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ, ნებისმიერი ციფრული ვალუტა, ციფრული მონეტა ან ციფრული ტოკენი, რომელიც გამოშვებულია ან მხარდაჭერილია ვენესუელის ხელისუფლების მიერ 2018 წლის 9 იანვარის შემდეგ, არის აკრძალული ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან”,- აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ვენესუელა კრიპტოვალუტის გამოყენებით ცდილობს გვერდი აუაროს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა. მანამდე, რამდენიმე ამერიკელი დეპუტატი ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტა პეტროს მიმართ საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი.
სენატორმა ბობ მენენდესმა, მარკო რუბიომა და მოგვიანებით ბილ ნელსონმა ფინანსთა სამინისტროს წერილობით გაუგზავნეს კითხვები, თუ როგორ შეიძლებოდა ამერიკელი ინვესტორების დაცვა და ვენესუელური კაპიტალის გაზრდის პრევენცია.
ფინანსთა სამინისტროს ამ კითხვებზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია, მაგრამ დაადასტურა, რომ სანქციები იმ ამერიკელ ინვესტორებს შეეხებათ, რომელებიც დაკავშირებულნი არიან ვენესუელურ კრიპტოვალუტასთან.
კვლევითი ორგანიზაციის Coin Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი ბრიტომ აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადებაში ახალი არაფერია.
“მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტა ახალი გამოსულია, აშშ-ს სანქციები სრულიად მოსალოდნელი იყო. კრიპტოვალუტა ვენესუელას ვერ დაეხმარება საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევაში”.
შეგახსენებთ, რომ Coin Center-ი კრიპტოვალუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხებზე მუშაობს. ამასთანავე, ორგანიზაცია ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ცდილობს.