საუდის არაბეთის მთავრობა მოსახლეობას კრიპტოვალუტით ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევს

0
3527

საუდის არაბეთის სამეფოს სამთავრობო კომიტეტმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა არალეგალურ საქმიანობად მიიჩნევა. შესაბამისად, უმჯობესი იქნება თუ ქვეყნის მოქალაქეები კრიპტოვალუტით ვაჭრობას თავს აარიდებენ.

ამის შესახებ საუდის არაბეთის ფინანსური მარეგულირებლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. აღნიშნული წინადადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც საზღვარგარეთის ბაზარზე არაავტორიზებული ბირჟები მომრავლდა.

განცხადების თანახმად, საუდის არაბეთის მთავრობა ციფრულ ვალუტას ლეგალურ გადახდის საშუალებად არ აღიარებს. განცხადებაში კომიტეტი აღნიშნავს, რომ მაღალი რისკები და ნეგატიური შედეგები ვირტუალური ვალუტის ვაჭრობასთან არის დაკავშირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებაში არ არის ნახსენები ჯარიმები, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული არალეგალური საქმიანობისთვის იქნება დაწესებული.

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი კრიპტოვალუტას გადახდის კანონიერ საშუალებად არ აღიარებს ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში საუდის არაბეთის ცენტრალურმა ბანკმა რიპლისთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, საუდის არაბეთის ბანკები რიპლის გადახდის ტექნოლოგიას საზღვარგარეთ ტრანზაქციებისათვის იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი